ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია უკვე არის, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს შეზღუდვების მოხსნასთან მიმართებაში, ამიტომ, როცა რაღაცის შემსუბუქება მოხდება, აუცილებელია ორკვირიანი დაკვირვება, ეპიდსიტუაცია ამას როგორ მიყვება.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დეკემბრის 21-დან მოყოლებული, სერიოზული ვარდნაა ქვემოთ ინციდენტობის მაჩვენებლის. 11 იანვრიდან ეს გარკვეულად პლატოზეა გადასული, ანუ 11 იანვრიდან დღემდე, ბოლო 10 დღის განმავლობაში მკვეთრი ვარდნა ინციდენტობის უკვე აღარ არის. ამიტომ სტაბილიზაციისკენ ვართ. პრინციპში, უკვე არის სტაბილიზაცია ეპიდსიტუაციის ქვეყანაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ეს პლატო ჯერჯერობით, საკმაოდ, შედარებით მაღალ მაჩვენებელზე ჩერდება. ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს ყველა გახსნასთან მიმართებაში. ამიტომ, როცა რაღაცის შემსუბუქება მოხდება, აუცილებელია ორკვირიანი დაკვირვება, ეპიდსიტუაცია ამას როგორ მიყვება და ამის შემდეგ მეორე ეტაპი შემსუბუქების და ა.შ. საკოორდინაციო საბჭო შეთანხმდა, რომ ეპიდსიტუაციის მუდმივი მონიტორინგი საფუძველი უნდა იყოს ეტაპობრივი შემსუბუქებისა ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.