,,1-ლი მარტიდან სამთო კურორტების გახსნას, აზრი აღარ აქვს“, - ამის შესახებ, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება კერძო სექტორს არ ელაპარაკება და სწორედ ამის შედეგია გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებენ.
,,ჩვენთვის რომ მოესმინათ, ალბათ, მივიდოდნენ იმ დასკვნამდე რომ ზამთრის კურორტები არ არის ეპიდ ფონის დამამძიმებელი, მაგრამ ჩვენ არ გვხვდებიან და კერძო სექტორს არ უსმენენ. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ყველამ ერთად მოვისმინეთ და ეს არის სრული იმედგაცრუება კიდევ ერთხელ. 1-ლი მარტიდან ზამთრის კურორტების გახსნას აზრი აღარ ექნება. პირველი თებერვლიდანაც კი, ძალიან დაგვიანებული იყო, მაგრამ კიდევ რაღაც იმედს ვებღაუჭებოდით, რომ ფრენები აღდგებოდა და სახმელეთო საზღვრის გახსნაც მოხდებოდა. ასე კიდევ შევძლებდით რაღაცნაირად ფუნქციონირებას.
მაგალითად მესტიაში, მე მომიწია ცხრა ჯგუფის, 200 ჯავშნის გაუქმება. ისინი მოდიოდნენ ევროპიდან და ოქტომბრიდან არსებობდა ეს შეთანხმება. ისინი არ წავიდნენ არსად, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ქვეყანას გახსნილი აქვს სამთო კურორტები და ერთგულად ელოდნენ პირველ თებერვალს, რომ მესტიაში ჩამოსულიყვნენ. ახლა, ჩვენ იძულებული ვართ, მათ ვუთხრათ უარი. ჩვენ ვამზადებთ წერილს, დღეს კერძო სექტორს გვქონდა კრება, რომელსაც ხვალ მივაწვდით მთავრობის ადმინისტრაციას, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს საზღვრების ისე გახსნა, რომ ამან არ გამოიწვიოს ეპიდ სიტუაციის დამძიმება“, -აცხადებს მურაჩაშვილი.
შეგახსენებთ, 1-ლი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნა ანონსდებოდა, თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაკრვეული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება, მათ შორის, არ იხსნება სათხილამურო კურორტები.