კაკლის დაბალი ფასები ადგილობრივ მწარმოებლებს აბნევს - რატომ გაიაფდა პროდუქტი

2020-2021 წლებში კაკლის დაბალი ფასები ადგილობრივი მწარმოებლების დაბნევას იწვევს. როგორც ისინი East fruit-თან საუბრისას აცხადებენ, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ყინვების გამო, 2020 წელს მოსავლის დიდი ნაწილი დაიკარგა, ამიტომ, ფასები წესით, უნდა გაზრდილიყო, თუმცა, ეს არ მოხდა.

East fruit-ს მონიტორინგის შედეგებით ჩანს, რომ 2021 წელს კაკლის ღირებულება 14%-ით შემცირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„საქართველოში კაკლის ფასების შემცირების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბაზარი საკმაოდ კარგად არის ინეტეგრირებული გლობალურ ბაზართან. მსოფლიოში პროდუქტის ღირებულება ისტორიულად დაბალ დონეზეა, ამის მიზეზი კი კალიფორნიიდან კაკლის ექსპორტის რეკორდული ზრდა იყო, ამის პარალელურად კი, შემცირებული მოთხოვნა“,- განმარტავს FAO-ს ინვესტიციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადრეი იარმარკი.

East fruit-ს ქართული ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში კაკალზე შიდა მოთხოვნის შემცირებაზე. აღნიშნული, 2020 წელს რესტორნების დახურვამ და ტურისტების არარსებობამ გამოიწვია. ამ მხრივ 2021-ის დასაწყისშიც არაფერი შეცვლილა. როგორც ჩანს, ქეყანაში კაკლის უდიდეს ნაწილს სწორედ ჰორეკა სექტორი მოიხმარს, რადგან ქართული ტრადიციული საჭმელების დიდი ნაწილი სწორედ ნიგოზით მზადდება.

ამ დროსითვის უკრაინიდან შემოტანილი ნიგოზის ფასი 20-21 ლარს შეადგენს. ხოლო, კაკლის ადგილობრივი ჯიში „ჩინდლერი“ ცოტა უფრო ძვირად, კერძოდ, 22-24 ლარად იყიდება. ნაჭუჭიანი „ჩინდლერის“ ფასი კი, 8,5 - 9 ლარს შეადგენს.

მართალია, საქართველოში კაკლის წარმოების საბოლოო მონაცემები ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა წინასწარი პროგნოზით, გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს კაკლის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა. მეტიც, კაკლისა და თხილის წარმოება 2016 წელთან შედარებით, გაორმაგდა და 6,6 ათასი ტონა შეადგინა.

2020 წელს კაკლის იმპორტი ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე ჩამოვიდა (4,1 მლნ აშშ დოლარიდან, 1,1 მლნ აშშ დოლარამდე).

2020 წელს საქართველოსთვის კაკლის ძირითადი მიმწოდებელი უკრაინა (83%) იყო; 10% მოდის უზბეკეთზე, ხოლო, 7 % - ყირგიზეთზე.

ამავე დროს, საქრთველოდან კაკლის ექსპორტი ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2014-2018 წლებთან შედარებით, ოთხჯერ გაიზარდა. ამასთან, 2020-ში ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 25%-ით ნაკლები იყო (ჯამში, 1 მლნ აშშ დოლარი), ვიდრე 2019 წელს.

საქართველოდან კაკლის ძრითადი ექსპორტიორი არის სომხეთი, (66% - საშუალო ფასი 5,22 აშშ დოლარი კგ-ზე) და არაბეთის გაერთიანებული საამიროები - (31% - საშუალო ფასი 8,00 აშშ დოლარი კგ-ზე).

ნინი ქეთელაური