საქართველოში ფისტაზე მოთხოვნა გაორმაგდა - „ბაზარზე ფასები შენარჩუნებულია“

საქართველოში ფისტაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. როგორც სათესლე მასალის იმპორტიორი გიორგი მასურაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, თუ გასული წლის გაზაფხულზე, ადგილობრივ ფერმერებზე დაახლოებით, 30 000 ერთეული ნერგი იყო გაყიდული, ახლა ეს რაოდენობა გაორმაგებულია.

ამასთან, გიორგი მასურაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად პანდემიისა და ლარის გაუფასურებისა, ბაზარზე ფასები შენარჩუნებულია.

ცნობისთვის, 1 კგ სათესლე მასალა 180 ევრო ღირს, რაც შეეხება ნაყოფს, ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ-ს ღირებულება დაახლოებით, 80 ლარს შეადგენს.

საქართველოში ფისტას ბაღების გაშენება პირველად 2016 წელს დაიწყო.

გიორგი მასურაშვილმა მცირეფართობიანი პლანტაცია ქარელის რაიონ სოფელ ზემო ხვედურეთში სწორედ ამ პერიოდში გააშენა.

ფერმერს სათესლე მასალა, ძირითადად ორი ქვეყნიდან, ირანიდან და საბერძნეთიდან შემოაქვს.

როგორც იმპორტიორი განმარტავს, ეს არის ნახევრად უდაბნო ტიპის მოყვარული მცენარე, რომელიც კარგად ხარობს მშრალ და გამტარ ნიადაგში. არ უყვარს თიხნარი და ჭაობიანი ადგილი. ნერგი ირგვება პატარა ასაკში, ნაყოფს კი 7-8 წლის შემდეგ იძლევა და საუკუნეების განმავლობაში ხარობს.

ამასთან, პროდუქტს აქვს სასარგებლო სამედიცინო თვისებები, რიც გამოც ფისტაზე მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. მას მიირთმევენ ისე, როგორც კაკლოვან კულტურებს. გარდა ამისა, გამოიყენება პარფიუმერიაში, კულინარიაში და ა.შ.

გიორგი მასურაშვილი: „ფისტაზე (ასევე ნერგებზე) მოთხოვნა ყოველ წელს სულ უფრო იზრდება. კონკრეტულად რამდენი ნერგია უკვე გაყიდული, ზუსტი რიცხვის თქმა გამიჭირდება, თუმცა, თუ გაზაფხულზე 30 000 ერთეული იყო, ახლა გაორმაგებულია. ფისტას მოყვანით ძირითადად კახეთის, შიდა ქართლის და მარნეულის მხარეა დაინტერესებული. ფისტაზე ინფორმაცია ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს, თუმცა ამ კუთხითაც სულ უფრო წინ მიდის საქმე.

რაც შეეხება ფასებს, იგივეა როგორც ნერგის, ისე ნაყოფის ღირებულება“.

როგორც სათესლე მასალის იმპორტიორი ამბობს, ფისტას საქართველოში სამომავლოდ დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა დარგია, საექსპორტო ბაზრების ასათვისებლად დრო სჭირდება.

„მთლიანი მოსავალი ჯერ კიდევ არ მიგვიღია. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ადგილობრივ ბაზარს ბოლომდე ავითვისებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ ექსპორზე“ - ამბობს გიორგი მასურაშვილი.

ცნობისათვის, მსოფლიოში ფისტას ექსპორტის მიმართულებით ლიდერი თურქეთია, რომელმაც გასულ წელს პროდუქტით 100 ქვეყანა მოამარაგა. საუბარია, 10 875 ტონა ფისტის ექსპორტზე. იმპორტით კი, ლიდერი გერმანიაა. იმის გამო, რომ ფისტა ყველაზე შემოსავლიანი პროდუქტია, მას ფერმერები თურქეთში „მწვანე ოქროს“ უწოდებენ.

ნინი ქეთელაური