კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი აშშ-ში ღრმავდება და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭიროა გადამწყვეტი და გადაუდებელი ზომების მიღება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„კრიზისი მხოლოდ ღრმავდება. სიტუაცია არ უმჯობესდება და ის მხოლოდ უარესდება. გუშინ გავიგეთ, რომ დამატებით 900 ათასმა ამერიკელმა გააკეთა განაცხადი უმუშევრობის შემწეობაზე“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ასეთ პირობებში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ხალხს, ეს „მორალური ვალია“, თუმცა, ასევე იმის გამოც, რომ ეს არის „გადაუდებელი ეკონომიკური აუცილებლობა“. „ჩვენ გვჭირდება მოქმედება, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე. უნდა ვიმოქმედოთ თამამად და თავდაჯერებულად“ - განაცხადა ამერიკის პირველმა პირმა.
ბაიდენმა ასევე ხელი მოაწერა ორ ახალ განკარგულებას, რომლებიც მიმართულია პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად ამერიკელი ხალხისთვის. ერთი ეხება სასწრაფო დახმარებას დასაქმებული ოჯახებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ კრიზისის შედეგად. მეორე - მინიმალური ანაზღაურების გაცემას საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის. მან უნდა შეადგინოს 15 დოლარი საათში. მათ ასევე უნდა ისარგებლონ „ანაზღაურებადი გადაუდებელი შვებულებებით“.