კომპანიებმა Facebook და Amazon 2020 წელს ლობისტურ მომსახურებაზე რეკორდული თანხა დახარჯეს, ამის შესახებ MarketWatch კომპანიის მონაცემებზე დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, Facebook-ის ხარჯებმა ლობირებაზე 19,7 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წელს ეს ხარჯები 16,7 მილიონს აღწევდა. Amazon-ის ხარჯები კი ამ მიმართულებით 18,5 მილიონი იყო, ხოლო წინა წელს 16,1 მილიონი.
რაც შეეხება, FAANG ჯგუფში შემავალი სამი ტექნოლოგიური გიგანტის - Applе-ს, Google-სა და Netflix-ის ხარჯებს ლობიზე, ის რეკორდული არ ყოფილა.
Apple-მა გვამცნო, რომ ლობისტურ საქმიანობაზე 6,7 მილიონი დახარჯა, რაც უფრო ნაკლებია წინა წლის 7,4 მილიონიან ხარჯზე. Google-ის ხარჯებმა 2020 წელს 8,7 მილიონი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წელს რეკორდული 21,7 მილიონი დახარჯა, ხოლო Netflix-მა მხოლოდ 750 ათასი დოლარი დახარჯა 2015 წლის რეკორდულ 1,5 მილიონთან შედარებით.
როგორც ცნობილია, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევენ კანონმდებლების მხრიდან, რის გამოც კომპანიებს უწევთ ლობისტური მომსახურებისთვის მიმართვა.