სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი თბილისში

2020 წელს ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 672 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 3 დოლარით (დაახლოებით 1%-ით) შემცირდა და 638 აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ, Colliers International Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული, რომელშიც 202 წლის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარია მიმოხილული.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, გასულ წელს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი საბურთალოზე, ფონიჭალასა და ბაგებში შემცირდა 10%, 9% და 4%-ით. წყნეთში, მთაწმინდაზე, გლდანსა და ნაძალადევში კი გაიზარდა 14%, 9% და 7-7%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ ფონიჭალასა და წყნეთში ახალაშენებული ბინების ბაზარი ნაკლებად აქტიურია. რაც შეეხება ახალაშენებული ბინების საშუალო ფასებს ცალკეული უბნების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • ვაკე - 1 139 აშშ დოლარი;
  • მთაწმინდა - 1 091 აშშ დოლარი;
  • ბაგები - 870 აშშ დოლარი;
  • საბურთალო - 788 აშშ დოლარი;
  • წყნეთი - 785 აშშ დოლარი;
  • კრწანისი - 739 აშშ დოლარი;
  • ისანი - 703 აშშ დოლარი;
  • ჩუღურეთი - 673 აშშ დოლარი;
  • დიდუბე - 657 აშშ დოლარი;
  • ნაძალადევი - 579 აშშ დოლარი;
  • სამგორი - 550 აშშ დოლარი;
  • დიდი დიღომი - 548 აშშ დოლარი;
  • გლდანი - 525 აშშ დოლარი;
  • ფონიჭალა - 448 აშშ დოლარი.

კვლევის თანახმად, 2020 წელს ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა და 849 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ღირებულება 342 მილიონი აშშ დოლარი იყო.

თაია არდოტელი