“ლელო“ - დავდგეთ ერთად უსამართლო შეზღუდვების წინააღმდეგ და გავაერთიანოთ ჩვენი საპროტესტო მუხტი - დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარი უფლებების დასაცავად პროტესტისკენ მოუწოდებს. პარტიაში აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომლითაც ძალაში დარჩა შეზღუდვების დიდი ნაწილი, ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი თანამოქალაქეები იმყოფებიან.

„ვირუსთან ბრძოლისთვის მათ აირჩიეს უმკაცრესი მეთოდი - გადაადგილების და ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვა, რომელიც, წესით, უნდა იყოს უკიდურესი ფორმა და არაპერმანენტული მდგომარეობა. ამის დასტურია ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაც, რომლის მიხედვითაც შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო 160 ქვეყანას შორის მე-8 ადგილს იკავებს მსოფლიოში. ამასთან, მთავრობას დღემდე არ წარმოუდგენია არცერთი ანგარიში იმისა, თუ რა გაკეთდა მათი მხრიდან ეპიდემიის მართვის გასაუმჯობესებლად. შეუძლებელია ასეთ ვითარებაში ცხოვრების გაგრძელება. ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ვირუსთან ბრძოლის უფრო მოქნილი და ინოვაციური ღონისძიებები. დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რათა მძიმე ეკონომიკური ფონის პარალელურად ასობით ათასი ადამიანი არ დარჩეს უთანასწორო მდგომარეობაში, გარიყული სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებიდან, რომელშიც დღეს დიდი ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა იმყოფება ტრანსპორტზე დაწესებული ყოველგვარ აზრს მოკლებული შეზღუდვის გამო.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, როგორც ამას ახერხებს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა. ეს არის დღეს ერთადერთი სწორი გზა. რადგან ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა, მოვუწოდებთ მთელს სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად, დავდგეთ ერთად ჩვენი უფლებების დასაცავად და გავერთიანოთ ჩვენი საპროტესტო მუხტი. მხოლოდ ასე შევძლებთ დავიბრუნოთ ის უფლებები, რომლებიც მთავრობამ უკანასკნელნ პერიოდში ჩამოგვართვა, ხშირად უკანონოდაც“,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.