ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე, არანაირი გონივრული ახსნა ვინმეზე ზრუნვის ამ საკითხში აღარ არსებობს“, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
ელენე ხოშტარიას თქმით, ის რაც გუშინ მოხდა, „მონობის დაანონსებაა“ .
„ხელისუფლების გუშინდელი აბსოლუტურად თავხედური გადაწყვეტილების შემდეგ, რომ ადამიანებს ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს, რომ კიდევ იშიმშილეთ ერთი თვე, ისიც მერე ვნახავთ როგორ გადავწყვეტთ ჩვენ რამდენი ხანი გაგრძელდება შეზღუდვები. არანაირი გონივრული ახსნა ვინმეზე ზრუნვის ამ საკითხში აღარ არსებობს. ეს არის მონობის დაანონსება“,-აცხადებს ხოშტარია.
კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემაც, მისი თქმით, ის 24 იანვარს დაანონსებულ აქციას შეუერთდება.
„გუშინ ამირან გამყრელიძემ თქვა ძალიან დიდი ტყუილი „დაგუგლეთ სად არის გახსნილი ზამთრის კურორტებიო“ , საჯაროდ მინდა მივმართო ამირან გამყრელიძეს, ძალიან ბევრგან არის გახსნილი ზამთრის კურორტები, ძალიან გთხოვთ, ეს ყოვლად მიუღებელია. მე, როგორც ერთი ადამიანი, ვუერთდები ამ აქციას. ყველას მინდა მოგიწოდოთ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვიცხოვრებთ მომდევნო თვეების მანძილზე, გამოდით ხვალ, შეუერთდით იმ ადამიანებს, ვინც თვითდაორგანიზდა“,-აცხადებს დეკანოიძე.
ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“ 24 იანვარს აქციის გამართვას აპირებს.
შეგახსენებთ, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა 1-ელი თებერვლიდან აღდგება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი სკოლები და ტრანსპორტი მუშაობას 1-ელი მარტიდან დაიწყებს. ასევე, 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.