„სიმულაციური ანალიზის შედეგად მიღებული წლიური მონაცემებით, 2020 წელს ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის დონე შეიძლება 19.5 პროცენტამდე ჩამოსულიყო“. ამის შესახებ, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე გავლენას ეხება.
„სიმულაციური ანალიზის შედეგად მიღებული წლიური მონაცემებით, 2020 წელს ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის დონე შეიძლება 19.5 პროცენტამდე ჩამოსულიყო, რაც 2012-2019 წლებში ჩამოყალიბებული ტენდენციის ბუნებრივი გაგრძელება იქნებოდა.
თუმცა, ანტიპანდემიური შეზღუდვების გამო (მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე), ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 23.9 პროცენტამდე გაიზრდებოდა. გადაუდებელი ანტიკრიზისული ღონისძიებების გათვალისწინებით კი სიღარიბის დონე, სავარაუდოდ, 18.7 პროცენტის მახლობლობაში იქნებოდა.
პანდემიური კრიზისი რომ არ ყოფილიყო, ოფიციალური საარსებო მინიმუმის მიმართ სიღარიბის დონე 2021 წელს 19 პროცენტი იქნებოდა, რაც გააგრძელებდა წინა წლების ტენდენციას. ანტიპანდემიური შეზღუდვების 2021 წელს გაგრძელების შემთხვევაში (მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე), სიღარიბის დონე 23 პროცენტის ზემოთ იქნებოდა, რაც უკიდურესი სიღარიბის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 2020 წელს მთავრობის მიერ გატარებული ანტიკრიზისული პროგრამების 2021 წელს განმეორების შემთხვევაში კი სიღარიბის დონე კლებას გააგრძელებდა და 18.6 პროცენტამდე ჩამოვიდოდა,“-აღნიშნულია კვლევაში.