საფრანგეთის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, ჟან-ფრანსუა დელფრეისის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში საყოველთაო „ლოქდაუნის“ კიდევ ერთხელ დაწესება გახდება საჭირო.
მისი თქმით, საფრანგეთში, ვირუსის გავრცელების კუთხით, საგანგებო ვითარებაა და გასული კვირა განსაკუთრებით კრიტიკული იყო.
კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტების გავრცელების შეჩერების მიზნით, ჟან-ფრანსუა დელფრეისი საფრანგეთის ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ინფიცირების შემთხვევების 7-9% ახალ, ე.წ. „ბრიტანულ ვარიანტთანაა“ დაკავშირებული.
მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში გასული შაბათ-კვირიდან ე.წ. „კომენდანტის საათი“ მოქმედებს და მოქალაქეებს 18:00 საათიდან გარეთ გასვლა ეკრძალებათ, ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალია და გასული კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების დღიური რაოდენობა, საშუალოდ, 20 000-ს შეადგენს.
საფრანგეთის მთავრობა ოთხშაბათს შეხვედრას გამართავს, სადაც შეზღუდვების გამკაცრების საკითხზე იმსჯელებენ.