ისრაელი, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, საერთაშორისო ფრენებს დროებით წყვეტს

ისრაელი, კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო ფრენებს კრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის პრემიერ-მინისტრის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აკრძალვა ძალაში ორშაბათს საღამოდან შევა და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

”იშვიათი გამონაკლისის გარდა, ცას დავხურავთ, რათა ვირუსის ვარიანტების შემოსვლა აღვკვეთოთ,“ - განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ისრაელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა გააფართოვა. კერძოდ, აქამდე აცრას ხანდაზმულ მოქალაქეებსა და დაინფიცირების მაღალი რისკის სხვა კატეგორიებში შემავალ პირებს უკეთებდნენ, ახლა კი იმუნიზაციის პროგრამაში მონაწილეობა 40 წელს გადაცილებულ პირებს და, მშობლების თანხმობის შემთხვევაში, 16-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებსაც შეუძლიათ.

ისრაელის განათლების სამინისტროს განმარტებით, ამ ასაკის მოზარდების აცრის მიზანი მათი სკოლაში დაბრუნება და გამოცდების გეგმაზომიერად ჩატარებაა. ისრაელში მე-10-მე-12 კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებიც გამოცდას ჩააბარებენ, სპეციალურ სერტიფიკატებს აძლევენ, რომელიც უნივერსიტეტებში მისაღებად მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ცნობისათვის, პანდემიის გამო ისრაელში საყოველთაო „ლოქდაუნი“ 27 დეკემბრიდანაა გამოცხადებული, რომლის მოხსნასაც ხელისუფლება იანვრის დასასრულს გეგმავს.

ისრაელში ვაქცინაციის პროგრამა 19 დეკემბრიდან Pfizer-ის ვაქცინის გამოყენებით მიმდინარეობს და მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ხორციელდება. კერძოდ, დღემდე ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის 25 %-ია აცრილი.