რა ღირს ძველაშენებული ბინები თბილისში - რომელია იაფი და ძვირი უბნები

2020 წელს ძველაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 3 დოლარით (დაახლოებით 1%-ით) შემცირდა და 638 აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ, Colliers International Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული, რომელშიც 2020 წლის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარია მიმოხილული.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, გასულ წელს, ძველი აშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ყველაზე მეტად კრწანისში, წყნეთსა, და ისანში გაიზარდა, 14%, 13% და 7%. კრწანისსა და ისანში ფასის ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ ძველ/ძვირადღირებულ უბნებთან, როგორიცაა აბანოთუბანი და ავლაბარი. ფასის მცირედი კლება დაფიქსირდა ვაკეში, მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და დიდუბეში. რაც შეეხება ძველაშენებული ბინების საშუალო ფასებს ცალკეული უბნების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • ვაკე - 927 აშშ დოლარი;
  • მთაწმინდა - 867 აშშ დოლარი;
  • საბურთალო - 756 აშშ დოლარი;
  • კრწანისი - 699 აშშ დოლარი;
  • ბაგები - 686 აშშ დოლარი;
  • ისანი - 685 აშშ დოლარი;
  • დიდუბე - 620 აშშ დოლარი;
  • ჩუღურეთი - 619 აშშ დოლარი;
  • ნაძალადევი - 557 აშშ დოლარი;
  • დიდი დიღომი - 552 აშშ დოლარი;
  • სამგორი - 550 აშშ დოლარი;
  • გლდანი - 546 აშშ დოლარი;
  • წყნეთი - 531 აშშ დოლარი;
  • ფონიჭალა - 465 აშშ დოლარი.

კვლევის თანახმად, 2020 წელს ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ღირებულება 342 მილიონი აშშ დოლარი იყო.

თაია არდოტელი