საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „მედია კლუბის“ ფარგლებში, ონლაინ ფორმატში ტრენინგების ახალ კურსს იწყებს.
როგორც სემეკიდან იუწყებიან, თემატიკა შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს ენერგეტიკის სექტორში, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგსა და კონკურენციას ბაზრებზე, ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის მექანიზმებსა და ახალ ბაზარზე ტარიფების დადგენის პრინციპებს.
„ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკისა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლები. ტრენინგები დაიწყება თებერვალში. მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემული ლინკის საშუალებით - https://gnerc.org/ge/saregistratsio-forma .
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 თებერვალი. სარეგისტრაციო ფორმა განთავსებული იქნება სემეკის ვებგვერდსა (www.gnerc.org) და Facebook გვერდზე. ტრენინგის ფარგლებში განსახილველი თემებია: საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“; კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება ენერგეტიკულ სექტორში; ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი, რეგულაციები, მოსალოდნელი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები; ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციები - ელექტრონული პლატფორმა; დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი და ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.