უკრაინაში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული 3-კვირიანი მკაცრი „ლოქდაუნით“ გათვალისწინებული შეზღუდვები მსუბუქდება და დღეიდან სკოლები, რესტორნები და სპორტული დარბაზები იხსნება.
ჯანდაცვის მინისტრმა მაკსიმ სტეპანოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში გაუმჯობესებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ დადებითი სტატისტიკა მომავალშიც გაგრძელდება.
„ასეთი სტატისტიკა, რომელიც სიტუაციის სტაბილიზაციასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს მხოლოდ თქვენი, უკრაინელების წყალობით გახდა შესაძლებელი. დარწმუნებული ვართ, სიტუაციის გაუმჯობესება ბოლო პერიოდის „ლოქდაუნმა“ განაპირობა და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
სტეპანოვის თქმით, სამინისტრო მიმდინარე კვირაში „ლოქდაუნის“ შედეგებს დეტალურად გააანალიზებს და შემდეგ, კონკრეტულ ქალაქსა თუ რეგიონში არსებული მდგომარეობის შესაბამისი ლოკალური შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელებს. მედიის ინფორმაციით, უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2 516 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სექტემბრის დასაწყისიდან. ქვეყანაში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 8 იანვრიდან იყო დაწესებული.