ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ეკონომიკის სამინისტროსთან და ისინი არ არიან გახსნის წინააღმდეგი, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში მართვის სადავეები არა ეკონომიკურ გუნდს, არამედ უპასუხისმგებლო ეპიდემიოლოგებს აქვთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ განუცხადა.
შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება რესტორნების და კვების ობიექტების კვლავ მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისზე დატოვების შესახებ, ბიზნესის ლიკვიდირებაა.
„ჩაკეტილ სიტუაციაში ვრჩებით და სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება რეგულაციების არ შემსუბუქება კი არა ბიზნესის ლიკვიდირებაა. დამატებითი გაჩერების შემთხვევაში აქ საუბარი არაა, რომ ბიზნესი ამას გადაიტანს, უკვე იმ ზღვარს გადადის, რომ შეუძლებელია ბიზნესმა ეს პრობლემები გადალახოს. სარესტორნო სფეროში 95% იჯარის ქვეშაა და ბიზნესი ოპერირების გარეშე ვეღარ შეძლებს, რომ თუნდაც შეღავათით იჯარა გადაიხადოს და ვერც მფლობელები შეძლებენ, უპერსპექტივო ბიზნესზე ფართი იჯარით გასცენ. ამასთან, როდესაც მფლობელები ხედავენ, რომ მინუსში მიდიან დღევანდელი ოპერირებით და უპერსპექტივოა გახსნა, უბრალოდ უარს იტყვიან მუშაობის გაგრძელებაზე და თანამშრომლებს გაუშვებენ. ამასთან, გამოცდილი კადრები დღესდღეობით ან საზღვარგარეთ არიან წასულები, ან მოპედზე გადასხდნენ „გლოვოს“, „ვოლტის“ ან სხვა საკურიერო ფირმის თანამშრომლები გახდნენ. ამ სფეროს ლიკვიდირებით სხვა სფეროების ჩაძირვაც მოხდება. ესაა 3.5 მილიარდიანი ბიზნესი, რომელიც ყოველწლიურად 300 მილიონამდე მხოლოდ დღგ-ს იხდიდა ბიუჯეტში.
გადაწყვეტილების მიმღებებს ეს არგუმენტები რაციონალურად გაანალიზებული არ აქვთ. პრობლემას ვხედავ ეპიდემიოლოგებში, რომლებმაც გარკვეული წნეხი განიცადეს პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ შექმნილი პრობლემებისგან და დღეს უნდათ წარმოაჩინონ, რომ ეპიდემიის მართვა შეუძლიათ. ჩაკეტვით პრობლემა არ წყდება. ბიზნესის მოთხოვნაა, რომ ეპიდემიოლოგებმა თავიანთ კომპეტენციაში, თუ ეს გააჩნიათ, დადონ პროგრამა ეპიდემიასთან ერთად მუშაობის და ცხოვრების, ვერავინ იტყვის, რომ ეპიდემია რამდენიმე თვეში მორჩება, ასეთ ჩაკეტილ მდგომარეობაში ვერავინ იარსებებს“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, აჭარაში 1-ელი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება, ხოლო სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.