„ბატონ ამირანს უყვარს აღმატებული საუბარი და სადღეგრძელოსავით სიტყვების თქმა,“ - ასე გამოეხმაურა რადიო "პალიტრასა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე", რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე ამირან გამყრელიძის განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ გამყრელიძე სხვადასხვა ბიზნესის გახსნის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „წინააღმდეგია, სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში“.
„რესტორანი კი კარგია მესმის, ეს შემოსავალია ადამიანისათვის, ეს ბიზნესია, მაგრამ განათლება?! ბავშვების სწავლა უფრო დიდი ღირებულებაა ქვეყნისთვის,“-განაცხადა გამყრელიძემ.
„ბატონი ამირანი არ არის ეკონომისტი და ვერ ხვდება, რომ თუ ჭამა მინდა, ჯერ მაცივარი უნდა გავავსო, მერე გამოვხსნა და რაიმე საკვები გამოვიღო. ცალკე სარესტორნე ბიზნესზე არ არის საუბარი. 15 ბიზნესასოციაცია გავერთიანდით და ვთქვით, რომ უკვე თითქმის 1 წელია ქვეყანა გაჩერებულია. რომელ ბიზნეს შეაქვს გადასახადი ბიუჯეტში? გამყრელიძე რომ ამბობს სკოლები გავხსნათო, სკოლების ასამუშავებელი ფული ბიუჯეტში დევს? ეს არ აინტერესებს, უბრალოდ სადღეგრძელო თქვა და ტაში, რა მაგარი სიტყვა თქვა გამყრელიძემ. თითქმის 3 თვეა ვითხოვთ ამირან გამყრელიძესთან და ეპიდემიოლეგებთან შეხვედრას, რომ მოვისმინოთ მათი არგუმენტები. დოვლათს ვქმნით ჩვენ და მთავრობა განკარგავს. დადგება მდგომარეობა, რომ გამყრელიძე მივა პრემიერთან და ეტყვის - მჭირდება ფინანსირება ვაქცინისთვის და პრემიერი უპასუხებს - რა ვქნა, ფული არა მაქვსო.
გაჩერებულ მდგომარეობაში ბიზნესი არ იხდის გადასახადს და ვამბობთ, რომ ბიუჯეტი დღე-დღეზე გათავდება. ვეღარ მიიღებს ხელფასს ვერავინ. პატრული 500 კაცს რომ აჯარიმებს ყოველდღე, ბიუჯეტს ვერ შეავსებს. გაჩერებულია მთელი საქართველო, მუშაობს თითო-ოროლა ბიზნესი. მთელი წლის განმავლობაში რომელი დარგი ახერხებს ბიუჯეტის შევსებას? გაჩერებულია ქვეყანა. „დაეტიონ სახლში“ - ასეთ მოთხოვნებს ვინ ითხოვს იცით - ვინც ხელფასს იღებს იდეალურად, სახელმწიფოს ვგულისხმობ და ასეთ სფეროებს. მაგრამ ეს ფულიც გათავდება ცოტა ხანში და ხელფასს რომ ვერ მიიღებს მასწავლებელი, პოლიციელი, მერე გამოვიდნენ და თქვან რომ ვიჯდეთ სახლში,“-აღნიშნა გაბრიჩიძემ.