ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, შეხვედრა გაიმართა რესტორატორთა, სასტუმროების, მთის კურორტების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო მოლების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა მთავრობისა და უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილება 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. ამავე დროს, ბიზნესის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან ერთად დაიგეგმოს და ვიმსჯელოთ ყველა იმ შემდგომ ნაბიჯზე, რომელიც განხორციელდება შემდგომ ეტაპებზე სხვადასხვა დარგის გახსნის თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით დღეს ჩავატარეთ სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა ბიზნეს გაერთიანების წარმომადგენლებთან. ვიმსჯელეთ იმ ეტაპებზე, რომლებიც შესაძლებელია იყოს განხილული 1-ელი თებერვლის შემდეგ, რათა, საბოლოო ჯამში, ბიზნესი სრულყოფილად გაიხსნას და დარგებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ ოპერირება. ეკონომიკის სამინისტრო მუდმივ სამუშაო პროცესშია სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება ის ამოცანები განხორციელებული, რომელიც ერთად გვაქვს დასახული ბიზნესის გახსნის თვალსაზრისით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.