ევროკავშირი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტთან დაკავშირებულ წესებს გაამკაცრებს, რისი მიზეზიც კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია.
ჯანდაცვის კომისარმა სტელა კირიაკიდესმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.
კირიაკიდესმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ორშაბათს AstraZeneca- ს წარმომადგენლებთან გამართულმა მოლაპარაკებებმა „არასაკმარისი განმარტებებისა და სიცხადის გამო უკმაყოფილება გამოიწვია.“
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიანი არიან: ვაქცინების შემქმნელებს აქვთ სოციალური და სახელშეკრულებო ვალდებულებები, რომელიც უნდა დაიცვან,“ - წერს ჯანდაცვის კომისარი.
მისივე თქმით, ევროკავშირმა "ვაქცინის მიწოდების დეტალური გეგმის" მიწოდება მოითხოვა და AstraZeneca- სთან შემდეგი შეხვედრა ოთხშაბათს გაიმართება.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, AstraZeneca-მ ევროკავშირს განუცხადა, რომ წარმოებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გამო, ბლოკში შემავალ ქვეყნებს ვაქცინის გათვალისწინებულზე ნაკლებ რაოდენობას მიაწვდიდა.