იმ სკოლების პედაგოგებს, რომლებიც სწავლას 1-ელი თებერვლიდან საკლასო ოთახებში განაახლებენ, PCR ტესტირება ჩაუტარდებათ

იმ სკოლების პედაგოგებს, რომლებიც სწავლას 1-ელი თებერვლიდან რეალურ სივრცეში განაახლებენ, სასწავლო პროცესის დაწყებამდე PCR ტესტირება ჩაუტარდებათ.

რა პერიოდულობითა და სიხშირით ჩაუტარდებათ ტესტირება, აღნიშნულთან დაკავშირებულ პროტოკოლზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, პროტოკოლი არ გავრცელდება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებზე.

"მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და განსაზღვრა სკოლებში ვინ, როდის და რა რაოდენობით უნდა გაიტესტოს. ამის შესახებ სკოლებს უახლოეს მომავალში ეცნობებათ. შესაბამისად, ისინი ამ პროცესის ორგანიზებას შეძლებენ. რა პროტოკოლიც ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავდება ამ ეტაპისთვის, სამი ქალაქის - თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების გარდა, ყველა სკოლას მოიცავს. ეს სამუშაო პროცესი მალე დასრულდება“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში სკოლები სწავლას რეალურ სივრცეში, საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. მათივე გადაწყვეტილებით, სკოლებში უნდა განხორციელდეს მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.