ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის ევროპაში მოგზაურობა შესაძლოა, გამკაცრდეს

ევროკომისია კორონავირუსის გამო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზღვრის გადაკვეთისას ახალი კრიტერიუმების შემუშავებაზე მსჯელობს.

“კორონავირუსის ახალი ვარიანტები და არასტაბილური მდგომარეობა ევროკავშირში უსაფრთხოდ მოგზაურობის უზრუნველსაყოფად ახალი ზომების მიღებას მოითხოვს.“ - აღნიშნულია ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

კომისია გამოდის ინიციტივით, რომ ყველა მოქალაქემ, რომელსაც ევროკავშირში ჩასვლა სურს, პისიარ ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩაჯდომამდე წარადგინოს. ამასთან, სასურველია ტესტი გამგზავრებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გაკეთდეს.

“სავალდებულო ტესტირებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაიაროს 14-დღიანი კარანტინი და ამ პერიოდის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიკეთოს ტესტი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისიის რეკომენდაციით, ასევე აუცილებელია შეიქმნას მგზავრების ადგილსამყოფელის მონიტორინგის ფორმა.

“ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების მისაღებად აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება - ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, ჩატარებული ტესტების რაოდენობა და ა.შ.

ბოლო 14 დღეში „კოვიდ19“-ის მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. ჩატარებული ტესტების რაოდენობა ბოლო შვიდ დღეში 100 000 მოსახლეზე, 300-ს უნდა აღემატებოდეს. ტესტის დადებითი პასუხი ბოლო შვიდ დღეში ჩატარებული ტესტებიდან 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტის გათვალისწინებასაც, ფიქსირდება თუ არა მოგზაურის ქვეყანაში ვირუსის ახალი (მუტირებული) ვარიანტები.

რეკომენდაციები ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს.

თეონა რამაზაშვილი