Huawei ფლაგმანი ბრენდების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ჩინური კომპანია Huawei არ აპირებს გაყიდოს პრემიუმ ხაზის სმარტფონების ბიზნესი. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

„Huawei-ისთვის ცნობილი გახდა უსაფუძვლო ხმების შესახებ, თითქოსდა კომპანია ყიდის სმარტფონების მწარმოებელ ფლაგმან ბრენდებს. ამ ხმებს არანაირი საფუძველი არ აქვს. Huawei მსგავს გეგმებს არ განიხილავს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც Global Times-ი ავრცელებს.

გაზეთში ასევე მოყვანილია კომპანიის სიტყვები, რომ Huawei კვლავ ერთგული რჩება სმარტფონების ბიზნესისადმი და განაგრძობს მომხმარებლებისთვის მოწინავე ტექნოლოგიების შეთავაზებას გლობალურად.

ამასთან, გაზეთს კომპანიის რამდენიმე მაღალი რანგის მენეჯერმა განუცხადა, რომ „ბიზნესის ნაწილის“ გაყიდვის შესახებ ხმები არის მოგონილი და სიცრუე. „არ მგონია, რომ Huawei-იმ გაყიდოს მისი სმარტფონების მოწინავე სერიები იმ დროს, როცა ბაიდენის პოლიტიკა ჩინეთთან მიმართებაში უცნობი რჩება და ამასთან, კომპანიამ სულ ახლახანს მოიზიდა შემოსავლები ბრენდ Honor-ის გაყიდვიდან“ - აცხადებენ ისინი Global Times-თან.

მანამდე სააგენტო Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინური გიგანტი ბიზნესის ნაწილის გაყიდვას გეგმავდა, საუბარი იყო სმარტფონების პრემიალურ ხაზზე P და Mate, და გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩინური კომპანია საერთოდ ტოვებდა პრემიუმ კლასის სმარტფონების ბაზარს.

კოკა კვირკველია