ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სწორად დაგეგმისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნილია მოთხოვნა, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამშრომლების შესახებ.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე ისაუბრა.
„ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე დავაგზავნეთ ყველა კლინიკაში და სამედიცინო დაწესებულებაში მოთხოვნა იმის თაობაზე რომ მოგვაწოდონ დეტალური სია ყველა იმ თანამშრომლის, რომელიც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს ვაქცინაციის პროცესი“, - აცხადებს ტიკარაძე.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში არ შემოვა ისეთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება. ამასთან, როგორც ტიკარაძე განმარტავს, საზოგადოების 60%-ის ვაქცინაცია ეკონომიკური საქმიანობის გაზრდაზე იქონიებს გავლენას.
„60% ეს ნამდვილად ის მაჩვენებელია, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკური საქმიანობის გაზრდაზე. ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც ნატურალურ რიცხვში 1 600 000-დან 1 700 000- მდე არის.
დამუშავებულია სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა. ჩვენი უწყება სხვა უწყებებთან ერთად იმუშავებს საინფორმაციო მაუწყებლებთან ერთად პირველ რიგში საინფორმაციო კამპანიის კუთხით. ეს ერთ-ერთი ძირითადი ნაბიჯია, რომელიც უნდა გადავდგათ. შემდგომში, როდესაც ვაქცინა ეტაპობრივად დაიწყება, რა თქმა უნდა, მის მიერ გამოვლენილი საკმაოდ მცირე გვერდითი მოვლენები ასევე გაზრდის ჩვენს მოქალაქეებში მიმღეობას და სანდოობას“, - აცხადებს ტიკარაძე.
ცნობისთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან. ამის შემდეგ კი პრიორიტეტი ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მიენიჭებათ.