ამირან გამყრელიძე - ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს.

მისივე თქმით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ვაქცინის მიმართ პოზიტიური განწყობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა.

„გარკვეული პერიოდულობით ჩვენთანაც კეთდება სოციოლოგიური გამოკითხვები. სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 50%-დან 60%-მდე მერყეობს. ნოემბერში უფრო მეტი იყო ეს მაჩვენებელი, ანუ მეტი იმედი ჰქონდათ ადამიანებს იმიტომ, რომ მაშინ სიკვდილიანობა გაიზარდა, რთული სიტუაცია იყო, შემდეგ ეს შემცირდა. ეს მხოლოდ COVID ვაქცინაზე არაა, მოგეხსენებათ, ანტივაქცინური მოძრაობა ძალიან ძლიერია მსოფლიოში და ჩვენთანაც. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა“, -აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი გზა მოსახლეობის ვაქცინაციაზე გადის.

ცნობისთვის, NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს. კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? - 41 %-ის პასუხია დიახ, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის.