ამირან გამყრელიძის განმარტებით, რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ, აუცილებელი იქნება PCR ტესტირების ჩატარება გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც ადამიანები სრულად აცრილი არიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან, როდესაც რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება, აუცილებელი იქნება PCR ტესტირების ჩატარება გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც ადამიანები სრულად აცრილი არიან.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, მიმდინარეობს მსჯელობა იმის თაობაზე, ჩატარდეს თუ არა განმეორებითი ტესტირებაც.

„ძირითადად, რეგულაციები იქნება ის, რომ ორჯერადად, ანუ სრულად აცრილი ადამიანები, ვინც შემოვლენ, მათთვის არაფერი იქნება საჭირო. დანარჩენებისთვის აუცილებელი იქნება ბოლო 72 საათის PCR ტესტი. მსჯელობა მიდის, შემდგომ გარკვეული გამეორებები საჭირო იქნება თუ არა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფრენები ყველა სამედიცინო პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება.