„ინ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი - ჩვენი მოთხოვნაა, 1-ელი თებერვლიდან ზამთრის კურორტებს მოგვცენ შესაძლებლობა ვიმუშაოთ და დავიწყოთ ფიქრი, როგორ აღვადგინოთ ტურიზმი

ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, პირველი თებერვლიდან მოგვცენ ზამთრის კურორტებს შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ და დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ აღვადგინოთ ტურიზმი, - ამის შესახებ „ინ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც კოკაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არსებული შეზღუდვები ბიზნესსექტორისთვის მიუღებელია და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, რომელიც პირველი თებერვლიდან დაანონსდა, ბიზნესისთვის „არანაირი შემსუბუქება არ ყოფილა“.

„ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. ვითხოვდით შეხვედრას იმ ადამიანებთან, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ შეზღუდვებთან დაკავშირებით. არსებული შეზღუდვები ჩვენთვის მიუღებელია და ეს ეტაპობრივი მოხსნა არანაირი შემსუბუქება არ ყოფილა კერძო სექტორისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა, პირველი თებერვლიდან მოგვცენ ზამთრის კურორტებს შესაძლებლობა, რომ ვიმუშაოთ და დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ აღვადგინოთ ტურიზმი. ტურიზმის წარმომადგენლებს წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი გეგმა და ყველა პრობლემასთან დაკავშირებით გვაქვს პასუხი, შეგვიძლია მაქსიმალურად დავეხმაროთ ხელისუფლებას, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და იმედია, ჩვენი თანამშრომლობა შედეგს გამოიღებს. ჩვენი შეთავაზებაა, გავხსნათ როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზები ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც გამომუშავებული აქვს იმუნიტეტი ვაქცინის სახით, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. გაურკვეველია, რატომ არ მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება თუნდაც რამდენიმე თვის წინ და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რაღაც გადაწყვეტილება შეიცვლება ამ მიმართულებით. ეპიდვითარების გაუარესება ჩვენს ინტერესებში არ შედის, ჩვენ გვინდა ქვეყანა წინ წავიდეს და ეკონომიკაც გაჯანსაღდეს“, - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.