მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრა მიმდინარეობს. აღნიშნული შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შუამდგომლობით დაიგეგმა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე რესტორანთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, დღეს საქართველოში ეკონომიკურ საკითხებს მხოლოდ ეპიდემიოლოგები წყვეტენ და ბიზნესი განყენებულ მხარედ მიაჩნიათ, სადაც ხალხი არ არის დასაქმებული. მისივე თქმით, ბიზნესის ეტაპობრივად ამუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში „პრობლემების წინაშე მთლიანად სახელმწიფო დადგება“.

„სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში ეკონომიკურ საკითხებს მხოლოდ ეპიდემიოლოგები წყვეტენ და მათი გადაწყვეტილებაა, როგორ იმოქმედებს ბიზნესი. სამწუხაროდ, მათ ბიზნესი განყენებულ მხარედ მიაჩნიათ, სადაც ხალხი არ არის დასაქმებული და ხალხის პრობლემები არ წყდება. გვინდა ძალიან მკაფიოდ ავხსნათ, რა ვითარებაში არის ბიზნესი, რა სოციალური აფეთქების წინაშე ვდგავართ და იმედია ამაში ეპიდემიოლოგები არ იღებენ მონაწილეობას. გვინდა გავაცნოთ, რას ნიშნავს „ლოქდაუნის“ გადატანა ბიზნესისთვის. ჩვენი კონკრეტული მოთხოვნაა, რომ ის ბიზნესები, რომელიც „ლოქდაუნში“ არიან, ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით, ეტაპობრივად ამუშავდეს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების წინაშე დადგება მთლიანად სახელმწიფო. სამწუხაროდ, მოლოდინი არ არის ძალიან მკაფიო, რთული იქნება მათი დაჯერება რადგანაც მიდგომა არის რთული, მაგრამ იმედია ამ პრობლემებს გადავლახავთ“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.