საუდის არაბეთი ელექტროენერგიის მისაღებად ნავთობის გამოყენებას შეწყვეტს

არაბული ფინანსურ გამოცემა „არგაამის“ ინფორმაციით, საუდის არაბეთს სურს, რომ ელექტროენერგიის გამომუშავებაში ნავთობის გამოყენება შეწყვიტოს და ის მზის ენერგიით და გაზის ტურბინებით შეცვალოს.

პროგრამა „ნახშირწყლბადებზე მოთხოვნის მდგრადობის“ შესაბამისად, მსოფლიოს უდიდესი ნავთობექსპორტიორი, ნავთობს მეტწილად მზის ენერგიით ჩაანაცვლებს. საუდის არაბეთი ამჟამად ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, მეტწილად ნავთობს იყენებს. პროგრამა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის, პრინც აბდულაზიზ ბინ სალმანის ხელმძღვანელობით შეიქმნა და ის საუდეთის ენერგეტიკის სამინისტროს სტრატეგიას განსაზღვრავს.

ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, ნავთობის მზის ენერგიით ჩანაცვლება, საექსპორტოდ მეტ ნავთობს გამოათავისუფლებს. ეს კი სამეფოს მსოფლიო ბაზრის მეტი წილის დასაკუთრების საშუალებას მისცემს, რაც თავის მხრივ, მოგებას გაზრდის. პარალელურად, ქვეყანა ცდილობს, რომ მისი ეკონომიკა ნავთობის ექსპორტზე ნაკლებად დამოკიდებული გახდეს.

ასეთი სტრატეგია იმის ფონზე გახდა აქტუალური, რომ ნავთობის ექსპორტიორებს, ენერგო ნედლეულზე ფასების სტაბილურობის მისაღწევად, მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეკვეცა უწევთ. ამ საკითხს შარშან საუდეთსა და რუსეთს შორის დიდი უთანხმოება მოჰყვა, რამაც ნავთობზე ფასის კატასტროფული ვარდნა გამოიწვია.