„ამ მოცემულობაში თებერვალში მუშაობა ჩვენთვის არის აბსოლუტურად ზარალი,“-ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „თბილისი ცენტრალის“ დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე ფუნდამენტური ეკონომიკური მოცემულობების რღვევა იწყება და ეს პროცესი თუ არ გაჩერდა, ბევრი სექტორი საერთოდ აღდგენასაც, ვეღარ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ობიექტებს საქმიანობის განახლების უფლება 1-ლი თებერვლიდან აქვთ, თუმცა, მაღაზიები თებერვლის განმავლობაში მხოლოდ სამუშაო დღეებში იმუშავებენ, შაბათ-კვირას კი მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით შეეძლებათ მუშაობა.
„1-ელ თებერვალს ვიხსნებით და ვემზადებით, რომ გავხსნათ სავაჭრო ცენტრები. თუმცა, როგორც აქამდეც არაერთხელ გაგვიჟღერებია, თებერვალი მკვდარი სეზონია ჩვენი ბიზნესისთვის. ფაქტობრივად, მოლში განთავსებული ობიექტების ბრუნვის 40% გენერირდება სწორედ შაბათ-კვირას, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დღეებში მუშაობის უფლება გვქონდეს, თორემ გამოგვივა, რომ თებერვალში მოლის მესამედი დაკეტილი იქნება. ბევრი ბიზნესისთვის შეიძლება, აზრიც კი არ ჰქონდეს ამ ვითარებაში გახსნას.
ამ მოცემულობაში, როცა არ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამას ემატება გაზრდილი ხარჯი თანამშრომლების ტრანსპორტირების კუთხით, ასევე გაზრდილი კომუნალური გადასახადების პირობებში, თებერვალში მუშაობა ჩვენთვის არის აბსოლუტურად ზარალი.
შეგახსენებთ, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვარმდე პერიოდში 6 სავაჭრო ცენტრი მილიონ მომხმარებელს მოემსახურა, თუმცა, ამას ინფექციური აფეთქება არ გამოუწვევია, ანუ შესაძლებელია ბიზნესმა სწორად მართოს ეს პროცესები. შესაბამისად, აზრს კარგავს რიგი შეზღუდვები, რაც ბიზნესის ნორმალურად წარმართვაში ხელს გვიშლის. ამ პირობებში, როცა სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა შემცირებულია, ხარჯები გაზრდილია, ტრანსპორტი არ არის, უკვე ფუნდამენტური ეკონომიკური მოცემულობების რღვევა იწყება. ეს პროცესი თუ არ გაჩერდა, ბევრი სექტორი საერთოდ აღდგენასაც ვეღარ შეძლებს,“-განაცხადა ყარალაშვილმა.