ჩვენ დღეს გვქონდა საშუალება, რომ ბიზნესისთვის აგვეხსნა, პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე, სადაც ისინი ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბიზესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობას ესმის, რომ ბიზნესს, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, რთული ვითარება აქვს, თუმცა, ასევე არსებობს ვალდებულებაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონის მართვის.
„ეს არ არის პირველი ან ერთადერთი შეხვედრა, ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და ადმინისტრაცია, ასევე ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუდმივად, სამუშაო ჯგუფების დონეზე არის ბიზნესთან პროცესში ჩართული.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის განსაკუთრებით იმ ბიზნესის წარმომადგენლების, ვისაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, აქვთ ძალიან რთული ვითარება თავის ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენი საუბრის ნაწილი იმასაც შეეხო, რომ ჩვენ ყველას ერთად, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესს გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონი ვმართოთ, წარმატებით ვმართოთ და სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის განმავლობაში, რომ ჩვენ არ მოგვიწიოს ისევ შეზღუდვების დაწესება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც პანდემიის პირველივე დღიდან, პრაქტიკულად უკვე ერთი წელია, ვიღებთ იმ ეპიდემიოლოგიური ვითარების დეტალების საფუძველზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
ჩვენ დღეს გვქონდა საშუალება, რომ ბიზნესისთვის აგვეხსნა, პასუხი გაგვეცა იმ კითხვებზე სადაც ისინი ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ, საუბარი მათ შორის გვქონდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთობლივად ვიმუშაოთ იმაზე, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს კარგად მართვადი პროცესი ბიზნესის მხრიდანაც და სახელმწიფოს მხრიდანაც და ისეთი სახით წარმართული პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში ისევ არ მოგვიტანს ინიფიცირების მაღალ მაჩვენებელს,“-განაცხადა ცქიტიშვილმა.