ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს დღესაც შეუძლიათ იმ რეისებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას სხვა ქვეყნებთან აკავშირებს, ჩამოვიდნენ და აჭარაში დაისვენონ,- ამის შესახებ პირველმა ვიცე- პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ტურისტებს ეტაპობრივად გახსნილი ქვეყანა და მომზადებული ტურისტული სექტორი ხვდება.
„რას ვახვედრებთ ტურისტებს - ეტაპობრივად გახსნილ ქვეყანას, ეტაპობრივად უკვე მომზადებულ ტურისტულ სექტორს, ვახვედრებთ ჯერ პირველ ეტაპზე გარე სივრცეში მოქმედ სავაჭრო ქსელს და ასევე შეგახსენებთ, რომ სასტუმროები დაკეტილი არ გვქონდა არსად, გარდა სათხილამურო კურორტებისა. დღესაც ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს შეუძლიათ იმ რეისებით, რა რეისებითაც დღესაც ჩვენს ქვეყანას აკავშირებს სხვა ქვეყნებთან, ჩამოვიდნენ დაისვენონ აჭარაში, ზამთრის ტურიზმიც არსებობს, რა თქმა უნდა, აჭარა არ არის ლოკაცია, სადაც ჩვენ ზამთარში ვისვენებთ,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზეც იყო საუბარი თუ როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმი, თუმცა, ეს ორმხრივი პროცესია.
„ჩვენ არ შეგვიძლია ცალმხრივად აღვადგინოთ ტურიზმი, ყველანი ვუყურებდით ისრაელს როგორც პოტენციურ ჩვენს ბაზარს, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ისრაელმა ერთი კვირით ქვეყნიდან გასვლაც კი აკრძალა, ამიტომ ყველანი ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ძალიან მაღალია არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებების ალბათობა,“- განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ბიზნესთან შეხვედრები გაგრძელდება და უახლოეს დღეებში ისინი ბაზრობების წარმომადგენლებსა და ტუროპერატორებს შეხვდებიან.