ნათია თურნავა - ამ კვირაში ტუროპერატორებს შევხვდებით, ვისაუბრებთ, როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებულ ტურისტებზე

გარკვეული მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს მოთხოვნები არ შეზღუდავს ტურიზმის ეტაპობრივად ამოქმედებას, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ რეგულარული ფრენების აღდგენის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია ტუროპერატორებთან შეხვედრა.

„1-ლი თებერვლიდან ვხსნით ფრენებს, ვაუქმებთ შეზღუდვებს რეგულარულ ფრენებზე. ამ კვირაში ერთ-ერთი შეხვედრა გვექნება ტუროპერატორებთან, როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებულ ტურისტებზე. ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაცია გავლილი ადამიანები მონატრებულები არიან ფრენას, დასვენებას და უნდათ ჩვენთან ჩამოსვლა. ამაშიც დავეხმარებით ინდუსტრიას. აუცილებლად იქნება კონკრეტული მოთხოვნები. დღეს არცერთ ქვეყანაში არაა ისე, რომ გარკვეული რეგულაციის გარეშე შემოდიოდეს ტურისტი“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.