„კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 1-ლი მარტიდან გახსნის საკითხიც“ – „უბრალოდ, ხელს უწყობენ სოციალურ აფეთქებას“

„კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 1-ლი მარტიდან გახსნის საკითხიც – უბრალოდ, ხელს უწყობენ სოციალურ აფეთქებას“ - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დასრულდა და მეტიც, ეპიდემიოლოგების არგუმენტები სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა ბიზნესისთვის.

„შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. წარმოიშვა ძალიან დიდი უფსკრული ბიზნესსა და სახელმწიფოს გადამწყვეტლებს შორის. რთულად წარმოსადგენია, ეს უფსკრული როგორ შეივსება.

აქ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 1-ლი მარტიდან გახსნის საკითხიც. იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგებს კომპეტენცია არ ჰყოფნით გადაწყვეტილება მიიღონ და რეგულაციების ფარგლებში შესაძლებლობა ჰპოვონ, გახსნან ესა თუ ის სფერო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს მოლებთან მიმართებაში, რომლებმაც 24 დეკემბრის გახსნით მიიღეს კარგი შესაძლებლობა; იცით, რომ 100 000 ადამიანი გატარდა ერთი დღის განმავლობაში, მთლიანობაში, მილიონ ადამიანამდე და ვითარება არ გამწვავებულა, რადგან რეგულაციების დაცვით და სწორი ადმინისტრირებით მოხდა ყველაფერი. ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ეს კარგი გამოცდილებაა, რომელიც ექსპერიმენტის სახით შეგვიძლია მივიღოთ და სხვა სფეროებშიც გადავიტანოთ.

ეს ყველაფერი არის სამსჯელო და როგორც ყრუ კედელი, ისე არ უნდა უყურებდეს ეპიდემიოლოგი, რომ ეს მიუღებელია. ამგვარ მსჯელობაშიც არ შემოდიან.

შეიძლება ცდებოდეს ბიზნესი, არასწორად უყურებდნენ ადამიანები ამ შესაძლებლობას, ამას მსჯელობაში უნდა გვაგებინებდნენ ეპიდემიოლოგები, მაგრამ როდესაც აბდაუბდა მაგალითები მოგყავს, ხან ერთი და ხან მეორე ქვეყნის, გაუგებარია. უნდა აიღო ერთი ქვეყნის მაგალითი, როგორ ვითარდება სიტუაცია და არა იმის მიხედვით, თუ როგორ გაწყობს მსჯელობა. ეს მხოლოდ დემაგოგიას ემსახურება“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამგვარ ფორმატში საუბრის გაგრძელებას, უბრალოდ, აზრი არ აქვს და ეს მხოლოდ სოციალური აფეთქებისთვის ხელის შეწყობა იქნება.

„მე ვერ ვხვდები რა აზრი აქვს შეხვედრას შეხვედრისთვის. 2 თვე ვითხოვდით ეპიდემიოლოგებთან შეხვედრას და მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომ როგორღაც ეს მოხდა, ვიბრძოლეთ, რომ შეგვხვედროდნენ და ის სიბრიყვე, რაც გააჩნია ეპიდემიოლოგებს, დაენთხიათ ბიზნესთან. ამისთვის კიდევ ერთ შეხვედრას აზრი არ აქვს, ისინი უბრალოდ, ხელს უწყობენ სოციალურ აფეთქებას. ადამიანები, რომლებიც შიმშილის ზღვარს არიან, შესაბამისად გამოხატავენ საკუთარ პროტესტს, რომლის წინაღმდეგიც ვართ. არ შეიძლება დღეს ქვეყანაში პროტესტი იყოს იმ დროს, როცა ეპიდემია მძვინვარებს. მაგრამ, ამ ვითარებაში მოსახლეობას, უბრალოდ, სხვა გამოსავალს არ უტოვებენ“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციების, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და ეპიდემიოლოგების შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შუამდგომლობით დაიგეგმა.

ნინი ქეთელაური