კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია AstraZeneca ვაქცინების წარმოების გრაფიკს 2 თვით ჩამორჩება. სწორედ ამით ხსნის კომპანია მიწოდებაში არსებულ შეფერხებებს. ამის შესახებ კომპანიის თავკაცმა პასკალ სორიომ ევროკავშირის წამყვან გაზეთებთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს პრობლემა ვაქცინის ძირითადი კომპონენტის წარმოების დონეზე, რომელიც ნიდერლანდებისა და ბელგიის ქარხნებში იქმნება. ვთვლით, რომ ვიპოვეთ ამ პრობლემიდან გამოსავალი, თუმცა გვაქვს გრაფიკზე ორთვიანი ჩამორჩენა“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ თებერვალში ისინი შეძლებენ ევროკავშირისთვის გარკვეული დოზის მიწოდებას.
გასულ კვირას კომპანიამ ევროკავშირს ამცნო, რომ პირველ კვარტალში დაგეგმილზე 60%-ით ნაკლები ვაქცინის მიწოდებას მოახერხებდა.
სორიო კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს ცალკეული ევროპული მედიის და პოლიტიკოსების მხრიდან, თითქოს მისმა კომპანიამ შეამცირა ევროკავშირში ვაქცინის მიწოდება, იმის გამო, რომ მას სხვა ქვეყნებზე უფრო სარფიანად ყიდის. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირისთვის განკუთვნილი ვაქცინის მიწოდება არ ხდება დიდი ბრიტანეთისთვის, სადაც AstraZeneca-ს წარმოების საკუთარი ჯაჭვი გააჩნია.
"ჩვენ გარკვეული პრობლემები ბრიტანეთთანაც გვქონდა, უბრალოდ, ბრიტანეთმა ჩვენთან კონტრაქტი ევროკავშირამდე 3 თვით ადრე გააფორმა, ამიტომ ეს პრობლემები იქ არ არის ამჯერად, ხოლო ევროპისთვის ვაქცინის მიწოდებას ასევე აფერხებს ევროპის ქარხნებში წარმოების ნელი ტემპი“ - განაცხადა სორიომ, რომელმაც ევროპელი ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ ვაქცინის წარმოების ტემპი და ფასი რჩება უცვლელი.
მან ასევე დაუჭირა მხარი ვაქცინაციას ერთჯერადი დოზირებით ორის ნაცვლად, რომელიც მისი თქმით, საკმარისად დაიცავს მომხმარებელს მოკლევადიან პერსპექტივაში, ხოლო მეორე დოზის მიღებას მოგვიანებით, ნებისმიერ დროს შეძლებენ.