საქართველოში ნივრის წარმოება ყოველწლიურად მცირდება.
მართალია, საქსტატზე 2020 წლის მაჩვენებელი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ნივრის წარმოება განახევრდა. თუ 2018-ში 4,6 ათასი ტონა პროდუქტი იწარმოა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 2,1 ათას ტონამდე შემცირდა.
ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს იყო, როდესაც ქვეყანაში 7,2 ათასი ტონა ნიორი მოვიდა.
ამის პარალელურად იზრდება იმპორტი. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანამ 2018 წელს 501 ტონა პროდუქტი შეიძინა, 2019 წელს - 1,437 ტონა, ხოლო 2020 წელს - 2,845 ტონა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა იწვევს ნივრის შიდა წარმოების შემცირებას და ამასთან, იპორტის ზრდას.
როგორც ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი, რუსუდან გიგაშვილი განმარტავს, ერთწლიანი კულტურების შემთხვევაში არ ხდება შიდა ბაზრის კვლევა და ანალიზი, შესაბამისად, არ კეთდება წინასწარი დაგეგმარება. სწორედ ამიტომ, მცირე ფერმერებს უჭირთ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის დაცვა და წარმოებაც, პროდუქტის ღირებულების წინა წილის მაჩვენებლის გათვალისწინებით ხდება.
„ზოგადად, ერთწლიანი კულტურების შემთხვევაში ძალიან რთულია პროგნოზირება. კერძოდ, მომდევნო წელს როგორი შეიძლება იყოს მოთხოვნა-მიწოდების დინამიკა. ამის პროგნოზირება რთულია ბიზნესის, ამ შემთხვევაში ფერმერების მხრიდან (მით უმეტეს, როდესაც ჩვენ საოჯახო ფერმერებზე ვართ დამოკიდებული). ამგვარ ანალიტიკურ დასკვნას უნდა დებდეს სახელმწიფო. თქვას, როგორი იყო წინა წელი, შეაჯამოს, რამდენად დავაკმაყოფილეთ შიდა ბაზარი, რომელი პროდუქტებით ვიყავით მიბმული იმპორტზე და ა.შ.
სწორედ ნიორთან დაკაშირებით 5 წლის წინ გვქონდა შემთხვევა, როდესაც წინა წელს დეფიციტი შეიქმნა, ფასი იყო მაღალი და მომდევნო წელს ყველამ ნიორი დათესა. ფერმერებმა შეხედეს, რომ პროდუქტი ძვირი იყო, შედეგად ჭარბწარმოება მივიღეთ. ამიტომ, ძალიან თულია, ამ ყველაფრის დალაგება, თუ არ გაკეთდა გარკვეული დაგეგმარებები. ეს უნდა გაკეთდეს ადგილობრივი ექსტენციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტით ვინახავთ. ფერმერების ამგვარი დაკვალიანება სწორედ მათ მიერ უნდა ხდებოდეს. რომელი კულტურა უნდა იყოს პრიორიტეტი, რომელია მოთხოვნადი და ა.შ. ეს არ არის საბჭოთა გადმონაშთი...
როგორც კი წამოიჭრება ხოლმე ეს საკითხი, სახელმწიფოს უჩნდება ერთგვარი განცდა, რომ თუ სიტყვა დაგეგმარებას გამოვიყენებთ, ეს საბჭოთა კავშირს ან ბიზნესში ხელოვნურ ჩარევას უკავშირდება. ეს არ არის სწორი მიდგომა. ევროპის ქვეყნებში და ამერიკაშიც, არა მხოლოდ ერთწლიანი, არამედ ათწლიანი სამოქმედო გეგმა იდება. რომელი პროდუქტები იქნება მომდევნო 10 წლის განმავლობაში პრიორიტეტული, რომელზე უნდა გააკეთოს აქცენტი და ა.შ. ჩვენს შემთხვევაშიც კარგი იქნება, თუ ეს გაკეთდება“, - ამბობს რუსუდან გიგაშვილი.