ნაპოლეონის ავტოგრაფი შესაძლოა, 1 მილიონ ევროდ გაიყიდოს

საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონის ავტოგრაფი შესაძლოა, გასაყიდად აუქციონზე გაიტანონ. სახელდება სავარაუდო ფასიც - 1 მილიონი ევრო. არტეფაქტს პირველად პარიზში დღეს წარადგენენ. ეს არის ხელნაწერი, რომელიც მოგვითხრობს აუსტერლიცთან ბრძოლას, ტექსტი ნაკარნახევია თავად ფრანგი იმპერატორის მიერ და ბოლოში დასმულია მისი ხელმოწერა.

„ავტოგრაფი მრავალი წელი ინახებოდა გენერალ ბერტრანის მემკვიდრეებთან, რომელსაც უკარნახა ნაპოლეონმა ეს ტექსტი მის ცნობილ გამარჯვებაზე. სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ის ხელთ და ამის შემდეგ ვინახავდი მას. თუმცა ნაპოლეონის გარდაცვალებიდან 200 წლის თავზე გადავწყვიტე მისი გამოფენა გალერეაში“, - განაცხადა ფრანგმა ისტორიკოსმა ჟან ემანუელმა ჟურნალთან Point de Vue საუბარში.

როგორც ირკვევა, ტექსტი დაწერილია ნაპოლეონის გადასახლებაში ყოფნის პერიოდში. ეს არის 74-გვერდიანი ტექსტი, რომელშიც ავტორი იმპერატორზე მესამე პირში საუბრობს.

როგორც ცნობილია, ნაპოლეონი მის უდიდეს მიღწევად აუსტერლიცის ბრძოლას მიიჩნევდა, მის უდიდეს შეცდომად კი „რუსულ კამპანიას“ 1812 წელს, რომელმაც საფუძველი დაუდო მისი მმართველობის დასრულებას. ნაპოლეონის მიმართ ინტერესი საფრანგეთში ამ დრომდე არ წყდება. პირველი ფრანგი იმპერატორი ამ ქვეყნის ისტორიაში დარჩა არა მხოლოდ როგორც მთავარსარდალი, არამედ როგორც ფინანსისტი, დიპლომატი და მშენებელი.

ცნობილია, რომ პარიზში არსებული „ინვალიდთა სასახლე“, სადაც არის დაკრძალული ნაპოლეონი, წლიურად 1,5 მილიონ ვიზიტორს იზიდავს. ყოველწლიურად იზრდება ნაპოლეონიკაც: მას უკვე მიეძღვნა 75 ათასი წიგნი და 700-ზე მეტი კინო. ხოლო მისი კუთვნილი სამკუთხედი ფონტებელოს აუქციონზე 2 მილიონ ევროდ გაიყიდა.

კოკა კვირკველია