კახა კალაძე - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 1500 ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა, დარჩენილ 1500 ოჯახსაც პირობას ვაძლევ, რომ ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 ათასი ოჯახიდან 1500-მდე ოჯახს დაეხმარა და ისინი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ასევე უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდებიან სხვა ოჯახებიც.

„ძალიან მნიშვნელოვანია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საკითხი. როდესაც ამირჩიეს და საქმიანობას შევუდექით, ამ პრობლემის მოგვარება დავიწყეთ. როდესაც აღწერა გავაკეთეთ, 3 ათასი ოჯახი იყო, ვინც კოოპერატივით დაზარალებული იყო. ეს არის პრობლემა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არის. სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს და ეს ადამიანები ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელ ფართებს ელოდებოდნენ. თუმცა, წლების განმავლობაში არავინ ყურადღებას არ აქცევდა და პრობლემა პრობლემად რჩებოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ოჯახების ფართებით დაკმაყოფილებასთან მიმართებით. მინდა გითხრათ, თუ რა გავაკეთეთ ამ ხნის განმავლობაში. 3 ათასი ოჯახიდან 1500-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ, რაც ვფიქრობ, კარგი შედეგია. ამ პირებს გადაეცათ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და მათი ინვესტორთან შეთანხმებით, ჩვენი სამსახურების ჩართულობით ეს კონკრეტული კომპანიები ვალდებული არიან, ააშენოს კოპუსები და მოხდეს ამ ადამიანების ბინებით დაკმაყოფილება“,-განაცხადა კალაძემ.

მან აღნიშნა, რომ დარჩენილი 1500 ოჯახი საცხოვრებლით ასევე დაკმაყოფილდება.

„დარჩენილ 1500 ოჯახს პირობას ვაძლევ, რომ ძალიან მალე ისინიც დაკმაყოფიდლებიან და მაქსიმალურად ექნებათ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა, თანადგომა. პრობლემა, რომელიც ათეული წლებია ამ ქალაქში არსებობს და ოჯახები ელოდებოდნენ, პირობას გაძლევთ, ძალიან მალე მოგვარებული და მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა კალაძემ.