მაქსიმალურად ყველას ექნება თანადგომა. დახმარებაა საჭირო? - ყველას დავეხმარებით! დაფინანსებაა საჭირო ჯანდაცვის მიმართულებით? - ყველას ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით!? ასე მოვდივართ ეს რამდენიმე წელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, 2020 წელს 400 ათასზე მეტ ადამიანს გაეწია დახმარება მუნიციპალიტეტის მხრიდან და სოციალური პროგრამებისთვის მერია 2021 წლის ბიუჯეტიდან 350 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.
„მინდა დავიწყო საკითხით, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დედაქალაქის ბიუჯეტში, ასე იყო გასულ წელსაც და წლევანდელ ბიუჯეტშიც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად არის აღნიშნული. ეს არის არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და გამოწვევები. ეს ბიუჯეტში აისახა იმ თვალსაზრისით, რომ 2021 წელს შევძლოთ ბევრი ადამიანის მხარდაჭერა, დახმარება, თანადგომა. არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, თუმცა, ბოლო დროს ძალიან ხშირად ხდება ამ კონკრეტული თემით მანიპულირება კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, ოპონენტების მხრიდან და მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა. თუმცა, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია ყველა იმ საკითხთან და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მუნიციპალიტეტში მიიღება. ძალიან ბევრჯერ აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ, რომ დიახ, არსებული სოციალური მდგომარეობა არის გამოწვევა და ჩვენს ბიუჯეტში ეს განსაზღვრულია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. არავინ ტრაბახობს იმით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრ ოჯახს გავუწიეთ მხარდაჭერა, ეს სატრაბახო ნამდვილად არ არის, მაგრამ ფაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ისე, როგორც არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, უნდა ვიმუშაოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად შეჭირვებული ოჯახები იყოს ქვეყანაში, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიოში არსებული პანდემია.
გვაქვს სერიოზული გამოწვევები, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, საზოგადოების მხარდაჭერით, ყველაფერი მოწესრიგდება. ძალიან ბევრი წერილი შემოდის დახმარებებთან დაკავშირებით და თითოეული განცხადების ფორმა 100-ის უკან დგას ადამიანების ცხოვრება, წარსული და მისი ჯანმრთელი მომავლის უზრუნველყოფა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მხარში დავუდგეთ, დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ. იცით, რომ ბიუჯეტის მესამედი, დაახლოებით, 350 მილიონი იქნება წელს განსაზღვრული იმისთვის, რომ დავეხმაროთ ამ ოჯახებს და ადამიანებს“,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მხოლოდ მერიის დაფინანსებით, პანდემიის პირობებში, მეორე ტალღის დროს, 18 ათასზე მეტ ოჯახს სასურსათო პაკეტები დაურიგდა.
„ერთი რამ უნდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ როგორც ქალაქის მერი, ამ პროგრამების და პრობლემების მოგვარებაში არასდროს დამიყვია ადამიანები პარტიული კუთვნილების, სქესის, კონფესიური კუთვნილების ან სხვა გარემოებების მიხედვით. მაქსიმალურად ვცდილობთ ყველას გავუწიოთ თანადგომა. მე ვარ ყველას მერი და ჩემი თანამშრომლებიც ამ მიდგომით და განწყობით არიან. არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ჩვენი მხრიდან ადამიანების დაყოფა პარტიული კუთვნილების, სქესის ან სხვა მიმართულებების მიხედვით. მაქსიმალურად ყველას ექნება თანადგომა. დახმარებაა საჭირო? - ყველას დავეხმარებით! დაფინანსებაა საჭირო ჯანდაცვის მიმართულებით? - ყველას ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით!? ასე მოვდივართ ეს რამდენიმე წელი.
მინდა რამდენიმე ციფრი გითხრათ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ადამიანს დავეხმარეთ და რა პროგრამების საშუალებით - ეს არის სკრინინგის პროგრამა, აბილიტაციის, ძუძუს კიბოს, ტრანსპლანტაციის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, სათემო სერვისის, ეპიდემიოლოგიური კონტროლის პროგრამები, სატრანსპორტო შეღავათი და კომუნალური სუბსიდირება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება, შშმ ბავშვების და მოზარდების საკურორტო მომსახურება, ბავშვების უფასო სწავლება, ინიციალიზაციის პროგრამა, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროების დახმარების პროგრამები, დღის ცენტრების დაფინანსება, მუნიციპალური თავშესაფრის პროექტი, ვეტერანთა, სოციალურად დაუცველ ბავშვთა და ახალგაზრდათა ასევე შშმ პირთა დახმარებები და ა.შ. არის ასევე ჯანდაცვის პროგრამები და შემიძლია გითხრათ, რომ 400 ათასზე მეტმა ადამიანმა 2020 წელს ისარგებლა ამ პროგრამებით. 400 ათას ადამიანს დავეხმარეთ.
მინდა ასევე გამოვყო ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომლის ინიციატორებიც ჩვენ ვართ ეს არის პანდემიის რთულ ვითარებაში იმ ოჯახების დახმარება, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა. ეს არის პროდუქტებით მომარაგების პროგრამა. ჩვენ პანდემიის პირველი ტალღის დროს ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ და გავაგრძელეთ მეორე ტალღის დროსაც. მეორე ტალღის დროს, მერიის მხრიდან განხორციელებული პროექტის საშუალებით 18 ათას ოჯახში მივიტანეთ პროდუქტები. ბიზნესის მხარდაჭერით და თანადგომით 4 ათას ოჯახზე იყო შესაძლებელი დახმარების გაწევა. ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი არის ადამიანების ჯანმრთელობა, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევდით არავინ. დავიცვათ ერთმანეთი ამ რთულ პირობებში. პირბადის ტარება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, შესაბამისად, დანარჩენი ყველაფრის გადალახვა იქნება შესაძლებელი ერთიანი ძალისხმევით და თანადგომით“, - განაცხადა კალაძემ.