კახა კალაძის ინფორმაციით, მალე 180 ერთეულ, 8 მეტრის სიგრძის ახალ ავტობუსებს შეიძენენ

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქი მალე 180 ერთეულ, 8 მეტრის სიგრძის ახალ ავტობუსებს შეიძენს. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, უახლოეს პერიოდში დაიწყება ფასთა კვლევა, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი. დედაქალაქის მერის თქმით, პარალელურად დაწყებულია მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა. კალაძის თქმით, იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, უნდა ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე დაუბრკოლებლად და კომფორტულად გადაადგილდნენ.

„მე პირობა მივეცი თბილისელებს, რომ ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, ვინც მართლა მოახერხებს ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელებას, ვინც მოახერხებს ავტობუსების პარკის განახლებას, ჩანაცვლებას, ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, ახალი სქემებისა და მარშრუტების წარმოდგენას. რა თქმა უნდა, ბევრი კომპონენტისგან შედგება ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, აქ არის ზონალურ-საათობრივი პარკირებაც, აქ არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სპეციალური ზოლების შექმნა როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ავტობუსებისთვის, ქვეითად მოსიარულეთათვის, ყველას უნდა ჰქონდეს თავისი მიმართულება, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ და ამ მიმართულებით ჩვენ, იცით, რომ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმული გვაქვს და ეს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. დღევანდელი თემა ეხება ახალი ავტობუსების დამატებით შესყიდვას. თქვენ იცით, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა დასრულებული გვაქვს, ველოდებით, 100 ერთეულ ავტობუსს, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს, რომელიც შემოვა, ეს არის 12-მეტრიანი ავტობუსები და ამით არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად გვექნება ჩანაცვლებული და არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ და მხოლოდ განახლებული ავტობუსები 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი და 8-მეტრიანი. თუმცა, ჩვენ ამით ვერ მივაღწევთ იმას, რისი მიღწევაც გვსურს და რა შედეგის მიღებაც გვსურს საბოლოოდ, ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს და აუცილებლად იქნება ყველაზე კომფორტული და ყველაზე სწრაფი. დღეს შეიძლება ჩვენ გვაკრიტიკებენ იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც კონკრეტულ პროექტებს ვახორციელებთ, პრიორიტეტული ხდება საავტობუსე ზოლების განხორციელება. რა თქმა უნდა, ამას უკან თან ახლავს ძალიან დიდი კვლევა და ყველა ქუჩაზე ვერ გაკეთდება საავტობუსე ზოლები, თუმცა კვლევები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ამ კონკრეტულ ქუჩაზე აუცილებელია საავტობუსე ზოლის პროექტების განხორციელება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება დამატებით ახალი ავტობუსების შეძენა და ვაპირებთ 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ფასთა კვლევა და შემდეგ გამოვაცხადებთ უკვე ტენდერს შესყიდვასთან დაკავშირებით. პარალელურად, თქვენ იცით, რომ დაწყებული გვაქვს, ასევე, მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, ესეც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და ეს ყველაფერი ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს - ავტობუსი, მიკროავტობუსი და მეტრო. ასევე, ხდება მარშრუტებისა და მიმართულებების მთლიანი გადალაგება. ამაზე მოგვიანებით მოგაწვდით სრულ და დეტალურ ინფორმაციას.“- განაცხადა კახა კალაძემ.