დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, თვის ბოლოს გახდება ცნობილი გრაფიკი, კოვიდვაქცინას  რომელი ქვეყანა რა ოდენობით და რა თანმიმდევრობით მიიღებს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, თვის ბოლოს გადაწყდება და ქვეყნებისათვის გახდება ცნობილი გრაფიკი, რომელი ქვეყანა რა თანმიმდევრობით მიიღებს კოვიდვაქცინას და რა ოდენობით.

როგორც ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე განმარტა, ამის შემდეგ ვაქცინაციის პროცესი, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით დაიწყება. დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ ვაქცინის შემოტანა “კოვაქს პლატფორმის მეშვეობით“ ხორციელდება.

პარლამენტი, პირველი მოსმენით, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომლის მიხედვით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, კანონს სპეციალური მუხლი ემატება.

პროექტით, პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მინიჭებული აქვს ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანზე პასუხისმგებელია იმპორტიორი, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო დაწესებულება, ან პროდუქტის მწარმოებელი, მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.