კოვიდთან ცხოვრების სწავლას სახლში ჩაკეტვით ვერ მოვახერხებთ - მალხაზ კუნელაური

,,გვეუბნებიან, რომ კოვიდთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ამას სახლში ჩაკეტვით ვერ მოვახერხებთ“, -ამის შესახებ დეველოპერული კომპანია ,,რედკოს“ გენერალურმა დირექტორმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.

მალხაზ კუნელაურის თქმით, ხელისუფლება ბიზნესის მიერ შეთავაზებულ ყველა არგუმენტს და გზას უგულებელყოფს და ერთადერთი პასუხი აქვთ, რომ ინფიცირებულთა სტატისტიკა ისევ მაღალია.

,,შეხვედრაზე მისვლისას მქონდა განცდა, რომ გამოსავლის გზების მოსაძებნად ვიყავით შეკრებილი. სამწუხაროდ, ეს აღმოჩნდა შეხვედრა, სადაც გვარწმუნებდნენ, რატომ არ უნდა გავიხსნათ. სამწუხაროა ისიც, რომ ანტიკრიზისული საბჭოს წევრებს ჰქონდათ საერთო ხედვა და პოზიცია, რომ არ უნდა გავიხსნათ. არგუმენტი ისევ იგივეა - არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში. ჩვენი შეთავაზება კი იყო გზების პოვნა, როგორ უნდა გადარჩეს ქვეყანა და ბიზნესი ეპიდემიის დროს. მით უფრო მაშინ, როცა ერთ წელზე მეტ ხანს კიდევ შეიძლება გაგრძელდეს ეპიდემია. თვეებია გვეუბნებიან, რომ კოვიდთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ამას სახლში ჩაკეტვით ვერ მოვახერხებთ.

ჩვენ წინადადებაა, რომ როგორც მოლებთან დაკავშირებით, როცა ხელისუფლებამ მოინდომა და შეთანხმდა მკაცრი თამაშის წესებზე ბიზნესთან, ისე მოხდეს თანხმობა სხვა სექტორებთანაც. არავითარი ეპიდ აფეთქება არ მომხდარა ახალი წლის შემდეგ მოლების გახსნით. ეს არის წარმატებული მოდელი. ამ ფორმულის გადატანა ვთხოვეთ სხვა ბიზნესზეც. იყვენენ ჩვენი სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც დათვლილი ჰქონდათ რა ნაკადი შეიძლება მივიღოთ გუდაურში დარჩენილ თვე ნახევარში და როგორ უნდა მოხდეს მისი მართვა. ყველა შემხვედრ წინადადებაზე პასუხია, რომ ინფიცირებულთა ოდენობა ისევ მაღალია. სანამ არგუმენტები არ არსებობს და გახსნა ჩაკეტვის რეჟიმში ვართ, ეკონომიკა კვდება.“-თქვა კუნელაურმა.

დეველოპერის ამბობს, რომ მან ანტიკრიზისული საბჭოს წევრებს უთხრა, თუ ბიზნესს არ გახსნიან, ქვეყნაში ფორსმაჟორი ან საგანგებო რეჟიმი მაინც გამოაცხადონ.

,,სეზონის მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი. მარტში რომც გავიხსნათ, აზრი აღარ ექნება. ამიტომ ჩვენი მოთხოვნა იყო დაუყოვნებლივ გახსნა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ ეს იციან და მზად არიან, რომ ეს სეზონი ჩვენ არ გვექნება. ჩემი წინადადება ბოლოს იყო ასეთი, რომ ტურიზმი ბიზნესია და უამრავ ვალდებულებასთანაა კავშირში. ამიტომ თუ არ გავხსნით, მიეცით ამ ვითარებას ფორმაჟორის სტატუსი, თუ საგანგებოს არ აცხადებთ-თქო. ამაზე პასუხია - რომ ეს ქვეყნისთვის პრობლემა გახდება“,-ამბობს კუნელაური ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი