რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან მაღაზიებს ევალებათ, რომ თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა კორონავირუსზე შეამოწმონ. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო მზად არის, 1-ელ მარტამდე მათი თანაშრომლების ტესტირების დაფინანსება უზრუნველყოს.
„მაღაზიებს 1-ელი თებერვლიდან ევალებათ, რომ თავიანთი თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა, 20% პროაქტიულად გატესტონ. სახელმწიფო მზად არის, რომ 1-ელ მარტამდე, თებერვლის განმავლობაში, სახელმწიფო დაფინანსებით ვუზრუნველყოს მათი თანაშრომლების ტესტირება, რათა უსაფრთხო გახსნა უზრუნველყოფილი იყოს“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.
მან ასევე განმარტა, რომ ამჟამად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხის გაუქმება არ განიხილება.
მაია ცქიტიშვილის თქმით, თუ კვირის განმავლობაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდება, მაშინ უფრო მეტად თამამი ნაბიჯების გადადგმაზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება.
„ამ ეტაპზე ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით, ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით უნდა დავაკომპენსიროთ. მაგრამ, როგორც საზოგადოებას, ასევე ბიზნესს ვეუბნებით, რომ მაშინ, როდესაც უკვე დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება კვირის განმავლობაში 4%-მდე, ჩვენ შევძლებთ უფრო სწრაფად, უფრო მეტად თამამი ნაბიჯების გადადგმას. ეს შეხვედრები ძირითადად ეთმობა იმას, რომ შეთანხმდეთ, რა რეჟიმში ვიწყებთ ოპერირებას. ამიტომ, ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება იმ ეპიდემოოლგიური ფონის ყოველდღიურ და ძალიან დეტალურ ანალიზს. ამდენად, გადაწყვეტილებების გადახედვა, რომ გადაადგილების შეზღუდვა შეიცვალოს ან შაბათ-კვირის შეზღუდვა არ გავრცელდეს, ამ ეტაპზე შესაძლებელი არ არის. შესაბისამისად, ჩვენ ამაზე არც გვისაუბრია. კომუნიკაცია გვაქვს იმისთვის, რომ ბიზნესს უფრო კარგად ავუხსნათ, რატომ არის ეს გადაწყვეტილებები ასეთი სახით მიღებული, მაგრამ ჩვენი საუბარი ეხება იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო გამართული და უსაფრთხო ოპერირება ვუზრუნველყოთ“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.