დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს იმ საცხოვრებელი ფართების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა, რომლებშიც უკვე ათწლეულებია ცხოვრობენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კახა კალაძის თქმით, მისი მერობის პერიოდში უკვე 1400-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა ქონება.
„ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ, როგორც კი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით. დღეის მდგომარეობით, 1400-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში გარკვეულ საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. მინდა, ამ ადამიანებს მივულოცო. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე შეიჭრას კონკრეტულ ტერიტორიაზე და შემდეგ მოითხოვოს მისი დაკანონება. ეს მიუღებელია. იმ ადამიანებს კი, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებენ საცხოვრებლის დაკანონებას, მაქსიმალურად დავეხმარებით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.