კონსტრუქციული საუბარი იყო. ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან და როგორც იქნება გაუმჯობესება, იმის მიხედვით მოიხსნება შეზღუდვები, ეს ეხება გადაადგილების შეზღუდვას და ასევე შაბათ-კვირას მუშაობას, - ამის შესახებ მთავრობის წევრებსა და სავაჭრო ქსელებისა და მაღაზიების მფლობელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ „გალერია თბილისის“ დირექტორმა ნიკოლოზ ცინცაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პერიოდულად გადაიხედება მდგომარეობა და ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში ეტაპობრივად მოიხსნება შეზღუდვები.
„მთავარი იყო ის, რომ გავხსნილიყავით, რაც არ შეიცვალა და ვიხსნებით ჩვეულებრივად პირველ თებერვალს. დანარჩენი ყველაფერი ისედაც ვიცოდით, რომ იქნებოდა შეზღუდვები. გვქონდა ინფორმაცია შაბათ-კვირის შეზღუდვებზე, ასევე გადაადგილების შეზღუდვაზე. უბრალოდ კარგი ის იყო, რომ გადახედვა მოხდება ამ ყველაფრის კვირაში, 2 კვირაში ერთხელ და იმის მიხედვით, თუ გაუმჯობესდება მდგომარეობა, მოიხსნება შეზღუდვები ეტაპობრივად. „გალერია თბილისი“ არის ცენტრალური მოლი, ამ შემთხვევაში ჩვენთან გადანაწილებულია თითქმის იდენტურად ყოველდღიური ნავაჭრი, რა თქმა უნდა, ის ორი დღე დაგვაკლდება, მაგრამ გადანაწილდება დანარჩენ დღეებზე, ნაწილობრივ მაინც,“- განაცხადა ნიკოლოზ ცინცაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.