პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო განმარტავს, რა შემთხვევაში დაეკისრება პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე.
როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ განვითარდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც წამლის ინსტრუქციაში ეწერა, მაგრამ არ დგინდება არც იმპორტიორის და არც სამედიცინო დაწესებულების ბრალეულობა, ვალდებულებას სახელმწიფო იღებს.
„იმპორტიორის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ პროდუქტის შემოტანისას დარღვეული იყო რაიმე რეჟიმი. ამის გაკონტროლება ხდება სპეციალური ტექნოლოგიით, ამ შემთხვევაში ტემპერატურული ჩამწერით. მიღება-ჩაბარების დროს ხდება შემოწმება და თუ ერთ მომენტში მაინც აცდენილი იყო ტემპერატურა, ეს იმპორტიორის პასუხისმგებლობაა, უბრუნდება და აკომპენსირებს დანახარჯებს. მეორე შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობაა, ამაზეც არ მინდა ჩემი კოლეგები დაიძაბონ იმიტომ, რომ სიახლე ამ მხრივ არ ხდება. მაგალითად, თუ ვაქცინაცია ჩატარდა ინსტრუქციების დაცვით, არ იყო, მაგალითად, ტემპერატურული რეჟიმი ან რაიმე სხვა დაცული და ადგილი ჰქონდა რაიმე გვერდით მოვლენას, მაგალითად, ნაჩხვლეტის ინფიცირებას, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის სამედიცინო დაწესებულებაზე. ხოლო, თუ ვაქცინის ან რაიმე სხვა წამლის გამოყენების გამო განვითარდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც ინსტრუქციაში ეწერა, მაგრამ ეს არც იმპორტიორის ბრალია და არც სამედიცინო დაწესებულების, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ უმკურნალოს, დააკომპენსიროს ეს გართულება“,- განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, კანონს სპეციალური მუხლი ემატება. პროექტით, პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანისას, როდესაც ფარმაცევტულ პროდუქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან მინიჭებული აქვს ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია, ამ ფარმაცევტული პროდუქტის გამოყენების შედეგად შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანზე პასუხისმგებელია იმპორტიორი, სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო დაწესებულება, ან პროდუქტის მწარმოებელი, მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.