კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თანამშრომელთა PCR ტესტირების ჩატარების სურვილი, 27 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 200-მდე სავაჭრო ობიექტმა გამოთქვა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სპეციალურ პორტალზე WWW.LABOUR.MOH.GOV.GE- ზე მხოლოდ ის სავაჭრო ობიექტები რეგისტრირდებიან, სადაც 30 და მეტი დასაქმებულია.
უწყების ინფორმაციით, 1-ელ მარტამდე PCR ტესტირებას პორტალზე დარეგისტრირებული სავაჭრო ობიექტების დასაქმებულები სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტარებენ.
"WWW.LABOUR.MOH.GOV.GE, სადაც ბიზნესს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, თანამშრომლები უფასოდ გატესტოს, 27 იანვრის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე სავაჭრო ობიექტია დარეგისტრირებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, 1-ელი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სავაჭრო ობიექტები მუშაობას განაახლებენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით. გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას მაღაზიები მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით იმუშავებენ. შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე. ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებულები იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება, ტესტირებას 1-ელ მარტამდე სახელმწიფო დააფინანსებს.