აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას 2024 წლისთვის გეგმავს

სოხუმის ვლ. არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წლისთვის ამუშავდება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენთვის ეს მნიშმვნელოვანი საკითხია. ის 2024 წლამდე უნდა ამუშავდეს, ეს ჩვენს მიერ გაცემული პირობაა და თუ ის ვერ შევასრულეთ, ჩვენ ჩვენს კაბინეტებში არაფერი გვესაქმება“ - განაცხადა ბჟანიამ.

სოხუმის აეროპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით დე ფაქტო მთავრობა უკვე წლებია საუბრობს. ასახელებს სავარაუდო თარიღსაც, თუმცა დღემდე სოხუმის რეჟიმის ეს განცხადებები მხოლოდ სურვილად რჩება.

აეროპორტი მდებარეობს სოხუმიდან 18 კილომეტრში, გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერაში, თუმცა ICAO-ს გადაწყვეტილებით, ის არ ფუნქციონირებს 1992-1993 წლებში საომარი მოქმედებებიდან მოყოლებული. მისი ასაფრენი ზოლის სიგრძე 3,6 კმ-ია, რაც საშუალებას აძლევს მიიღოს პრაქტიკულად ყველა ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, როგორც ზღვის, ასევე მთების მხრიდან. საბჭოთა პერიოდში ტერმინალი ზაფხულობით დღიურად 5 ათას მგზავრს ემსახურებოდა, ხოლო ზამთარში ათასამდე მგზავრს.

კოკა კვირკველია