სესხის პროცენტის სუბსიდირებას ამ მოცემულობაში ეფექტი არ ექნება და ფიტნეს ცენტრებს ვერ დაეხმარება - ამის შესახებ ,, ბიზნესპრესნიუსს“ ბათუმის ფიტნეს კლუბ ,,რეფორმერის“ მფლობელმა განუცხადა.
გიორგი ფუტკარაძის თქმით, მთავრობასთან შეხვედრისას სექტორის წარმომადგენლებმა არასწორი მოთხოვნები დააყენეს.
,,ჩემი აზრით, ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი სექტორის სახელით მოლაპარაკებაზე იყვნენ ხელისუფლებასთან, არასწორი და უსამართლო რაღაცები მოითხოვეს. სუბსიდირება არ ხდება ჰაერიდან. სახელმწიფო ბიუჯეტი როცა ერთ სექტორს ასუბსიდირებს, ის აკლდება სხვას და თან, დიდწილად ეს ხდება ნასესხები ფულით და ისევ ჩვენ ვიხდით. ამის ხარჯზე დაფინანსდება სესხის პროცენტი, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტში არავითარ შეღავათს არ იძლევა. ეს არის სამომავლოდ ისიც, როცა ყველაფერი გაიხსნება შეიძლება ჰქონდეს ეფექტი. და მანამდე რა ხდება? ის დასაქმებულები, რომლებიც ფიტნეს კლუბებში იყვნენ, მომხმარებელი, რომელსაც ვარჯიში უნდა, ან ის ოჯახები, რომლების შემოსავლის ერთადერთი წყაროც ეს ბიზნესია, სად მიდიან?
ვინც ეს მოითხოვა, შეიძლება დღეს არ აქვთ გადაუდებელი საჭიროებები და მომავლის პერსპექტივაში იკეთებენ საკუთარ საქმეს, მაგრამ სხვა ბიზნესებმა და მოქალაქეებმა რა დააშავეს? ახლა, სესხის პროცენტის სუბსიდირება ბანკების ლიკვიდობის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯია. არაფერი სასიხარულო არ არის ამ ამბავში. ხალხი გაკოტრების პირასაა, ფართები ნაქირავები აქვთ, ქირას ვერ იხდიან. ვერც გამქირავებლები უშვებენ ფართებიდან, იმიტომ, რომ კრიზისია და ვერავინ იქირავებს. ზოგმა კრედიტით გაარემონტა და მათ ცალკე პრობლემა უდგათ“- თქვა ,,რეფორმერის“ მფლობელმა.
რაც შეეხება შრომის ინსპექციის მიერ დაჯარიმებას, "რეფორმერი ფიტნესის" მფლობელის თქმით, ჯარიმის გადახდას კვლავ არ აპირებს.
,,ჩვენ ჯარიმა გვაქვს გასაჩივრებული, ყველა წესის დაცვით დათქმულ ვადებში, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიგვიღია პასუხი. გაყინულია სისხლის სამართლის საქმეც, რომელიც ასევე მიმდინარებდა და ბრალიც არავის წარდგენია, ,,დამნაშავეს“ ეძებენ. ვართ მოლოდინის რეჟიმში“- განაცხადა ფუტკარაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ფიტნეს ცენტრებს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს. მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.