განათლების სამინისტროს კულტურისა და სპორტის ნაწილი გამოეყოფა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უკვე დასრულებულია ყველა ტექნიკურ საკითხზე მუშაობა, რომ განათლების უწყებას კულტურისა და სპორტის სამინისტრო გამოეყოს. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ახალ სამინისტროს დაემატება მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი ახალგზარდობის სააგენტოც და უწყება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით იფუნქციონირებს.

„უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კუტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამდეროვე ხელოვნება, არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, ცალკე სამინისტრო, ისევე როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტის მიღწევებს, იმსახურებს. გარდა ამისა, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების შემდგომ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, - განაცხადა გახარიამ.