„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სამდივნო „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2020 წლის კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კვლევა 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 45-ე ადგილს იყოფს პოლონეთთან და სენტ-ლუსიასთან.
„საერთაშორისო გამჭირვალობის“ ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს 56 ქულა ჰქონდა გასული წლის კორუფციის აღქმის ინდექსშიც. ორგანიზაციის ცნობითვე, ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლის მხრივ გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა, გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებები.
„რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს. ის გარემოება, რომ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს საშუალო შედეგი აქვს, რომელიც წლებია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მიუთითებს იმაზე, რომ მართალია ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის (კერძოდ წვრილმანი კორუფციის შემცირების) მხრივ, მაგრამ გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებები, რომლებიც 2019 და 2018 წლების ინდექსებშიც იყო ხაზგასმული. საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი სისტემური ნაბიჯები ამ ტიპის კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. ამ მხრივ, დღეისათვის საქართველოს მთავარი გამოწვევებია: ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში, სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით პარლამენტის სისუსტე საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას, ოპოზიციის იგნორირება და გარიყვა პოლიტიკური პროცესიდან, არაფორმალური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია, ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების არაეფექტური გამოძიება და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში, პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და სასამართლოს სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დომინირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სასამართლოში კორუფციის რისკებს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის არაეფექტიანი სისტემა; პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება უკანონო გზებით, მთავრობის და პროსამთავრობო მედიის თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ხელისუფლების ზეწოლა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაზე, მათ შორის ტელევიზიების მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ მათ ოჯახის წევრებზე. ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა და თავდასხმები მათზე, განსაკუთრებით წინა და პოსტსაარჩევნო საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ელიტური კორუფციის პრევენციისა და გამოძიების ქმედითი სისტემის (მათ შორის, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების) არარსებობა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.